English / ქართული / русский /
თეიმურაზ ბერიძე
ეკონომიკური ზრდის გაგების საკითხისათვის

ანოტაცია. ეკონომიკურ იგანვითარება უფრო ფართო ცნებაა,ვიდრე ეკონომიკური ზრდა(მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე), ვინაიდან ის კონცენტრირებულია ძირითადად იმაზე, თუ როგორ აისახება ეკონომიკის ზრდა საზოგადოების განვითარებაზე, ცხოვრების დონეზე ანუ ეკონომიკური განვითარება უფრო მეტადაა სოციალურად ორიენტირებული.

ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებია: რეალური შემოსავალი მოსახლეობის ერთ სულზე; განათლების სტანდარტებისა და განათლებულობის დონე; ჯანმრთელობის დაცვის დონე (მაგალითად, ექიმთა რაოდენობა 1000 მოსახლეზე); გარემოს დაცვის სტანდარტების დონე; საცხოვრისის ხარისხი და ხელმისაწვდომობა; ინფრასტრუქტურის დონე (ტრანსპორტი,კომუნიკაციები); კორუფციის დონე; შრომის მწარმოებლურობის დონე და სამუშაო ძალის მობილურობა; უცხოური ინვესტიციების მოცულობა; დანაზოგების და ინვესტიციების დონე და ა.შ.

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა წარმოადგენს საკმაოდ რთულ, მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული ერთეულების (სახელ­მ­წიფოები, ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტი­ტუ­ტ­ები (ფორმალური და არაფორმალური), ტრანსნაციონალური კომპანიები, ცალკეული ფირმები, საო­ჯ­ახო მეურნეობები, ინდივიდუუმები) სისტემას. ამ სისტემამ XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე შეიძინა სრულიად ახალი თვისებრი­ობა _ გლობალური შინაარსი, რომელიც საკუთრივ ეკონომიკის გარ­და, მოიცავს _ პოლიტიკას, სოციუმს, კულტურას, რელიგიას, განათლებასა და ა.შ. საზოგადოებრივი ცხოვრების ეს კომპონე­ნ­ტ­ები საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ასე­ვე, ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მათ შინაარსს. ამის გარდა, სოციალისტური სისტემის დაშლამ და სრულიად ახ­ალი ფენომენის _ გარდამავალი ქვეყნების, გარდამავალი ეკონო­მი­­კების („transitional countries, transitional economies”) წარმოქმნამ ახალი შინაარსი შესძინა გლობალიზაციის პროცესს. ამ ქვეყნე­ბ­ის წარმოჩენამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთ დამოკიდებულებაშია ეკო­ნომიკური ზრდა („economic growth”) და ეკონომიკური განვითარება (“econo­mic development”) ერთმანეთთან.რა განსხვავებაა ეკო­ნო­მი­კურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის? რომელი მაჩ­ვე­ნებლებით ხდება მათი შეფასება? შეიძლება თუ არა გა­ნ­ვი­ხილოთ ეკონომიკური განვითარების მოდელი გარდამავალი ქვეყ­ნების ეკონომიკების ანალიზისას, თუ ის მხოლოდ ე.წ. მესამე სა­მყაროს ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი?

ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე პასუხი მოითხოვს საკმა­ოდ ვრცელ და სიღრმისეულ გამოკვლევას. წარმოდ­გე­ნილ სტა­ტი­აში ჩვენ კი მხოლოდ კვლევის რამდენიმე მიმართუ­ლე­ბას შე­ვეხებით (და ისიც საკითხის დასმის წესით). 

კიდევ ერთხელ ეკონომიკური ზრდის შესახებ 

„ეკონომიკური ზრდის“ ფენომენი არ არის ახალი საკით­ხი ეკონომიკურ თეორიასა და პრაქტიკაში. ადამიანების სამე­უ­რნეო საქმიანობის დასაბამიდან იგი საზოგადოების ყურადღების ცე­ნ­ტრში იდგა ერთი მარტივი მიზეზის გამო: ეკონომიკური ზრდის შე­დეგი აისახება ქვეყნის განვითარებასა და ადამიანთა ცხოვ­რე­ბის დონის ამაღლებაში, ხოლო ზრდის განმაპირობებელი ფაქტო­რ­ები მუდმივად წარმოადგენს პოლიტიკოსთა და მეცნიერ-ეკონო­მი­ს­ტთა კვლევის ობიექტს.

ეკონომიკური ზრდის საკითხებს იკვლევდნენ ეკონომიკური თეორიის იდეოლოგიურად საპირისპირო ბანაკების წარმომად­გე­ნლები _ XIX საუკუნეში _ კ. მარქსი (აღწარმოების თეორია, რო­მელ­მაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული საკითხის კვლევაში) და XX საუკუნეში _ ეკონომიკური ზრდის თეორიის ცნო­ბილი წარმომადგენლები (ჯ. კეინზი, რ. ჰაროდი, ე. დომარი, ჯ. რობინსონი და ა.შ.), რომლებიც ყურადღებას ამახვილებდნენ ეროვნუ­ლი შემოსავლის ზრდის მნიშვნელობაზე მხოლოდ ერთი ფაქტო­რის გათვალისწინებით _ კაპიტალის დაგროვების ნორმით. უ. როსტოუ ამ ფე­ნომენს უკავშირებს საზოგადოების სტადიურ განვითარებას. ხოლო მოგვიანებით ეკონომიკური ზრდის ნეო­კლა­სიკური მოდელის ავტორი ჯ. მიდი ყურადღებას ამ­ახ­ვი­ლ­ებს მის ყველა ფაქტორზე (კაპიტალი, დანაზოგი, სა­მუშაო ძალა, ინ­ვეს­ტიციები) და თვლის, რომ მხოლოდ ამ შემ­თხვევაში ეკონო­მიკურ ზრდას ექნება სტაბილური და მდგრადი ხასიათი.

აღნიშნული პრობლემის ყველა მკვლევარი ცდილობს პას­უხი გასცეს კითხვებს: რა არის ეკონომიკური ზრდა? რა განა­პი­რობებს ეკონომიკურ ზრდას და როგორ გაიზომება იგი? ცნო­ბი­ლია, რომ ყველა ამ საკითხზე პასუხი გაცემულია მაკროე­კო­ნო­მიკის სახელმძღვანელოებში[1] მაგრამ, ჩვენი აზრით, რჩება საკით­ხების გარკვეული წრე, რომელიც, ჯერ კიდევ, საჭიროებს ახსნას და განვითარებას.

ცნობილია რომ, ეკონომისტები ეკონომიკურ ზრდას ძირი­თადად აფასებენ მთლიანი შიგა პროდუქტის (“Gross Domestic Pro­duct”) დინამიკით. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს მაჩვენებელი სრულად ვერ ასახავს ეკონომიკურ ზრდას, ვინაიდან არ აჩვე­ნებს ქვეყნის ცხოვრების ხარისხს და განაწილებითი ურთიერთობების ეფ­ექტს, ამავე დროს მოიცავს საფინანსო შუამა­ვ­ლობის ოპ­ერაციების მოცულობებს, რომლებიც არ ასახავს ზრდას ეკონომიკის რე­ალურ სექტორში. ამ გარემოებათა გათვალისწინებით ეკო­ნომი­სტები იყენებენ სხვა მაჩვენებლებსაც _ მთლიანი ეროვნული შემოსავალი; წმინდა ეროვნული შემოსავალი; პირადი შემო­სა­ვალი; წმინდა პირადი შემოსავალი ანუ განკარგვადი შემო­სავალი.

გასათვალისწინებელია აგრეთვე მთლიანი შია პროდუქტის შექმნის სოციალური შემადგენლებიც.

რა განსაზღვრავს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას? პასუხი ერთი შეხედვით მარტივია: ქვეყანაში მწარმოებლურობის დონე( უნდა ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი ბოლო ორი ათწლეული საერთოდ არ გაიანგარიშება სტატისტიკური ორგანოების მიერ). რო­გორია მისი დეტერმინანტები? ესენია: ფიზიკური კაპიტალი (მო­წყობილობები და შენობები, რომლებიც გამოიყენება საქონ­ლისა და მომსახურების წარმოებისათვის), ადამიანისეული კაპი­ტალი(ცოდნა და უნარი, რომელსაც ადამიანი იძენს განათ­ლე­ბისა და პრაქტიკული გამოცდილების გზით), ბუნებრივი რესურ­­ები(საქონლისა და მომსახურების წარმოებაში გამოყენებული მა­ს­ალა, რომელსაც ბუნება გვაძლევს), ტექნოლოგიური ცოდნა(უახ­ლესი ტექნიკისა და „ნოუ-ჰაუს“ დანერგვა). თანამედროვე ეკონომიკაში ეს ფაქტორი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას (საქართველოსათვის ეს ფაქტორი უკიდურესად მნიშვნელოანია და ამიტომ მთავრობის პოლიტიკა მიმართული უნდა იქნეს  ტექნოლოგიების იმპორტზე). აქვე ავღნიშნავთ, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკაში არ მომხდარა საწარმოო ბაზის განახლება და რეალურად რთულია საუბარი ინდუსტრიული ბაზის ზრდაზე, რაც ყველა სხვა დარგის ზრდის საფუძველია.

წარმოების ყველა ფაქტორი მონაწილეობს ეკონომიკურ ზრდა­ში, მაგრამ, ბუნებრივია, არათანაბრად (ყველას არ გააჩნია ერთი და იგივე წონა), ვინაიდან ნებისმიერ ქვეყანას აქვს ამა თუ იმ ფაქტორის გამოყენების უპირატესობა, რაც საგარეო ვაჭ­რობაში მას უპირატესობებს აძლევს. ბუნებრივია, რაც უფრო ოპ­ტიმალური იქნება ამ ფაქტორთა კომბინაცია, მით უფრო მაღა­ლია ეკონომიკური ზრდა და მისი სტაბილურობა (საბჭოურ პე­რი­ოდში ეკონომისტ-მათემატიკოსთა მიერ შემუშავებულიც კი იყო ე.წ. ეკონომიკის ოპტიმალური ფუნქციონირების სისტემა).

როგორია ამ თვალსაზრისით მდგომარეობა თანამედროვე სა­ქართველოში? სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბო­ლო 20-25 წლის განმავლობაში საქართველოში ყველა ეს დეტერმი­ნა­ნტი (ფაქტორი) პრაქტიკულად სულ უფრო და უფრო ქვე­ით­დება! აქცენტი აღებულია ერთ ან ორ დარგზე, საუბარი უნდა მიდიოდეს ოპტიმალურ დარგობრივ სტრუქტურაზე. პასუხი არ არის მარტივი, ალბათ აქ  გამოყენებული უნდა იქნეს მოდელი - დანახარჯები-გამოშვება და ასევე რიგი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.

ავიღოთ ფიზიკური კაპიტალი. იგი ძირითადად გაცვეთილია, არ ხდება მი­სი შეცვლა ან გადაიარაღება (რომელიც, როგორც წესი, ყოვე­ლ 20-25 წელიწადში უნდა ხდებოდეს), არადა, თანამედროვე ეკო­ნომიკის საფუძ­ვ­ელს სამრეწველო დანადგარები და საწარმოო ხაზები წარ­მოად­გ­ე­ნს. ამ თვალსაზრისით გადასახედია ქვეყნის საიმპორტო პო­ლიტიკა. უარი უნდა ითქვას მომხმარებლური ეკონომიკის მოდელზე.

რაც შეეხება ადამიანისეულ კაპიტალს _ მილიონზე მეტი ადამიანი (ძირითადად 25-50 წლის ასაკში) გასულია ქვეყნიდან, ხოლო განათლება (განსაკუთრებით, საინჟინრო-ტექნიკური) არა­სა­ხარბიელო მდგომარეობაშია. გადასახედია პროფესიათა და სპე­ციალობათა სისტემა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით სპეციალისტთა მომზადებაც.

ბუნებრივი რესურსები _ ქვეყანაში დარღვეულია ეკოლო­გიური ბალანსი (არ არსებობს ეკოლოგიური ბალანსის სტატისტიკა), მაშინ როდესაც ეკოსისტემა სოციალურ-ეკონო­მი­კური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და ხელს უწყობს არა მხოლოდ საზოგადოების ჯანდაცვას, არამედ ეკონომიკის ზრდას.

რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის ორნიშნა ზრდას (1996-1997 და 2004 წლებში), ის გამოწვეული იყო მხოლოდ ე.წ. მკვეთრი ზრდის ეფექტით (გრეგორი მენქიუს ტერმინოლოგიით) და ეკონომიკის აღდგენითი ზრდით (რუსი ეკონომისტის ე. გა­ი­დარის ტერმინოლოგიით)სწორედ რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით უნდა იქნეს შემუშავებული ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა. 

ეკონომიკური გaნვითარების არსი და მაჩვენებლები 

ეკონომიკური განვითარება  შედა­რე­ბით ახალი ცნებაა და გა­ცილებით ფართოა, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. იგი ასახულია სახელმძღვანელოებში და ისწავლება მსო­ფ­ლიოს მრავალ უმაღ­ლეს სას­წავლებელში[2]. ამიტომ, უპირველეს ყოვლ­ი­სა, მნიშვნე­ლ­ოვანია განვასხვა­ოთ ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური გა­ნვითარება. ერთი შეხედვით საკითხის ამდაგვარად და­ყენება ტავტოლოგიაა, მაგრამ უფრო სიღრმისეული შესწავლისას და­ვინახავთ პრინციპულ სხვაობებს მათ შორის, რაც ეკონომიკის ტექნიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მხარეებს შო­რის სხვაობიდან გა­მომდინარეობს.პირველიგულისხმობს ეკონომიკის განვითარებას მისი საწარმოო პოტენციალის გა­ნ­ვითარების თვა­ლ­საზრისით, ხოლომეორეაქცენტს აკეთებს ეკონომიკის გა­ნ­ვითა­რების სო­ციალურ შედეგებზე.ამ თვალსა­ზრისით, გარ­კვეულ­წი­ლ­ად ეკო­ნომიკური განვითარების მოდელი არის „სოცი­ალურად ორ­ი­ე­ნტირებული ეკონომიკური“ მოდელის გაგრძელება, რასაც ადგ­ილი აქვს დასავლეთ გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყ­ნებში XX საუკუნის მეორე ნახევრიდან.

ცნობილია, რომ ეკონომიკური ზრდა ფასდება მთლიანი შიგა პროდუქტის (მათ შორის მოსახლეობის ერთ სუ­ლ­ზე) რეა­ლური გამოშვების მაჩვენებლით, ხოლო ეკონომიკური განვი­თარება ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. ის უფრო სოციალურად ორიენტირებულია და ასახავს ქვეყნის გან­ვითარების მრავალ შრეს.

ეკონომიკური განვითარება აჩვენებს, თუ რა ეფექტი მოაქვს ეკონომიკურ ზრდას უშუალოდ მოსახლეობისათვის, როგორ იზრ­დება ქვეყანაში ცხოვრების დონე და შესაბამისად ის გაიზომება ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა: რეალური შემოსავალი (მშპ) მოსახლეობის ერთ სულზე; განათლების დონე; ჯანდაცვის დონე (მაგალითად, ექიმთა რაოდენობა 1000 კაცზე); ეკოლოგიის სტან­დარტების დაცულობა. ამასთან, ეკონომიკურ განვითარებას მნიშვ­ნე­ლოვანწილად განსაზღვრავს: ინფრასტრუქტურის (ტრანსპორტი, კო­მუნიკაციები) დონე; მომსახურების სექტორის ეფექტიანობა[3]; კო­რუფციის დაბალი დონე; შრომის მწარმოებლურობა; სამუშაო ძა­ლის მობილობა; უცხოური ინვესტიციებისა და დახმარების ნა­კადები; დანაზოგების და ინვესტიციების დონე და ა.შ.

ახლა განვიხილოთ, თუ როგორი შეიძლება იყოს ეკო­ნომიკური ზრდა განვითარების გარეშე:

1. ეკონომიკური ზრდის შედეგები აისახება მო­სა­­ლეობის მხოლოდ მცირე რაოდენობის მდგომარეობაზე. მაგა­ლითად, ნავ­თო­ბით მდიდარ ქვეყანაში ადგილი აქვს მშპ-ის ზრდას. შეიძლება ამ შემთხვევაში ფი­რმის შემოსავალი მკვეთრად იზრდებოდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ეს სიკეთე თანაბრად აისახება მთელ მოსახლეობაზე;

2. კორუფცია. ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს მშპ-ის მაღალი დონე, მაგრამ მისი ზრდის ეფექტი აისახებოდეს მხოლოდ ოლიგარქების და პო­ლიტიკოსების საბანკო ანგარიშებზე. აქტუალურია საკითხი, როგორ გავზომოთ კორუფციის დონე საქართველოში. სამართლებრივი სტატისტიკა იძლევა მხოლოდ კორუფციაში დანაშაულთა მშრალ სტატისტიკას, მაგრამ ეს არის მხოლოდ მედლის ერთი მხარე, ბევრად უფრო აქტუ­ა­ლუ­რია საკითხი, თუ რა ზიანი მოაქვს ქვეყნისათვის კორუფციას, კე­რძოდ, საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემაში;[4]

3. ეკოლოგიურიპ რობლემები. ტოქსიკური ქიმიური პროდუ­ქ­ტების (და სხვა მავნე პროდუქტების) წარმოება ზრდის მშპ-ს, მა­გრამ მათი წარმოების არასწორი რეგულირებით შეიძლება ზიანი მი­ვაყენოთ გარემოს და ჯანდაცვას, რაც ბევრად უფრო ძვირი უჯ­დება საზოგადოებას, და, საერთოდ, ქვეყანას;

4. ეკონომიკის გადატვირთულობა. აქცენტის აღებამ მხოლოდ ეკონო­მი­კური ზრდის ტექნიკურ-ეკონომიკურ მხარეზე შეიძლება  ეკონომიკაში რესურსების გადახარჯვა გამოიწ­ვი­ოს, რაც ასევე მიუღებე­ლ­ია სტაბილური განვითარებისათვის;

5. წარმოებული პროდუქციის გამოყენების არა სათანადო დონე. ერთი შეხედვით ეს პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ეს ძალზე აქტუალური საკითხია და დაკავშირებულია, ერთი მხრივ, განაწილებითი ურთიერთობების ეფექტიანობასთან და, მეორე მხრივ, რესურსების არაადეკვატურ ალოკაციასთან (განაწილებასთან);

6. ხარჯები შეიარაღებაზე. ბიუჯეტში ხარჯების ოპტიმა­ლ­ური დაგეგმვა და მათი გაწევა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითა­რე­ბისათვის (საქართველოსათვის ბოლო წლებში ეს ძალზე აქ­ტუალური იყო, ვინაიდან შეიარაღებაზე ხარჯების ზრდამ მნიშვნე­ლოვანწილად შეამცირა სოციალური ხარჯები).

დასასრულ, შევეცადოთ ვუპასუხოთ კითხვას: შეიძლება თუ არა ეკონომიკური განვითარების მოდელის გამოყენება გარდამა­ვ­ალი (პოსტკომუნისტური) ეკონომიკების ანალიზისას ან მათი სამომავლო განვითარებისათვის?

აღნიშნული მოდელის გამოყენება თანამედროვე ეტაპზე მი­ზანშეწონილია იმ თვალსაზრისით, რომ გასული წლების ეკო­ნო­მიკურმა რეფორმებმა ფაქტობრივად მოშალა ქვეყნის სოცია­ლ­ური ორიენტაცია და მიზნად გაიხადა მხოლოდ ტექნიკურ-ეკო­ნომიკური ზრდა. ამიტომ აუცილებელია ამ მაჩვენებლის გამოყე­ნ­ება. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იქნეს არსებული ჩა­მორჩენის დაძლევისაკენ. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Simon Kuznets – Prize Lecture to the memory of Alfred Nobel. December 11, 1971. From Nobel Lectures, Economics 1969-1980, Editor Assar Lindbeck, World Scientific Publishing Co., Singapore, 1992.

[1]Karl E. Case, Ray C. Fair. Principles of Economics. Eighth Edition. Pearson Prentice Hall. 2007. P.543-698; კახნიაშვილი. მაკროეკონომიკა. თბილისი, გამომცემლობა "სიახლე", 1996, გვ.210-277 და ა.შ.

[2] Hayami Y. and Godo Y. Development Economics. From the Poverty to the Wealth of Nations. Third Edition. 2002.

[3] ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია .ასათიანისმონოგრაფიული გამოკვლევა: მომსახურება და საბაზრო სისტემა. თბილისი, "თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა", 1993.

[4] K.Shevardnadze, R.Chechelashvili, V.Chocheli, N.Khaduri. Papava Indexes of Tax Corruption. Tbilisi, Publisher “Company Imperial Ltd.”, 2000.